თბილისი (BPI) – 22 იანვარს, 11:00 საათზე სასტურმო „რუმსში“ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ გახსნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საჯარო მმართველობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციის სტუმრებს სიტყვით მიმართავენ და პროექტს წარადგენენ:
- გიორგი გაბრიელაშვილი – IRC-ის აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი სახოკია – პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი
- ნინო სამველიძე – საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი
პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ ხორციელდება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტის მთავარი მიზანია შეიქმნას საჯარო მმართველობის რეფორმაზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჩართულობით, ინოვაციური, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გარე შეფასების ჩარჩოების შემუშავების გზით განხორციელდება. საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავებით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულარულ ალტერნატიულ ანგარიშგებაში ჩართვით, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი ხელს შეუწყობს უფრო ფართო მიზნების განხორციელებას, კერძოდ კი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა“, როგორც ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებაშია აღნიშნული.
მონიტორინგის სისტემის შექმნისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებას ექნება კონკრეტული მექანიზმი უფრო მარტივად და ეფექტურად აწარმოოს საზოგადოებრივი მონიტორინგი იმ მნიშვნელოვანი რეფორმისა, რომლის განხორციელება თითოეული საქართველოს მოქალაქის ყოფაზე ახდენს გავლენას.