თბილისი (BPI) – საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019, რომელიც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება, იწყებს განაცხადების მიღებას. ამის შესახებ კონკურსის ორგანიზატორებმა, 23 ივლისს, სასტუმრო მარიოტ თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს.
Meliora ლათინური სიტყვაა და „საუკეთესოს“ ნიშნავს; შესაბამისად, კონკურსი Meliora უკვე მოერე წელია, გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო, შთამაგონებელ და შესანიშნავ პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში, კომპანიებს.
ბიზნეს კომპანიებს შეუძლიათ წარმოადგინონ 2018-2019 წელს განხორციელებული CSR პროექტები კონკურსის 6 ძირითად კატეგორიაში:
1. მწვანე ინიციატივა;
2. პასუხისმგებელი დამსაქმებელი;
3. კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე;
4. საზოგადოების მხარდაჭერა;
5. სექტორთა პარტნიორობა – გაზიარებული პასუხისმგებლობა;
6. CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;
ასევე 3 სპეციალურ კატეგორიაში:
1. წლის CSR მენეჯერი;
2. შემოქმედებითი CSR;
3. ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა.
უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) – წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება
ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2019.
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR ინიციატივეს სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ეკა ურუშაძემ, სასტუმრო მარიოტში გამართულ ღონისძიებაზე, განაცხადა: „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora სტიმულს აძლევს ქართულ კომპანიებს განახორციელონ CSR პროექტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას საქართველოში“.
„ევროკავშირი მხარს უჭერს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ვინაიდან იგი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა, დომინიკა სკუბიდამ – „შარშანდელი კონკურსის განაცხადების რაოდენობამ აჩვენა, რომ ბიზნეს კომპანიები ნამდვილად იღებენ პასუხისმგებლობას, ნერგავენ ინოვაციურ მიდგომებს და ცდილობენ იყვნენ სოციალური ცვლილების გამტარებლები.“
კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ვებ-გვერდზე – WWW.MELIORA.GE
კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მისწეროთ სალომე თოფურიძეს შემდეგ ელ. მისამართზე: csrawards@meliora.ge
კონკურსის ორგანიზატორები გამართავენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის. კონსულტაციების თარიღი სულ მალე გახდება ცნობილი.
კონკურსის შესახებ
ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც ქართულ კომპანიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციამ მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას, დახვეწასა და საქართველოში ბიზნესის პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, წაახალისოს კომპანიები, რათა დანერგონ CSR პრინციპები და მიდგომები და ხელი შეუწყონ ჯანსაღი საზოგადოებისა და გარემოს ჩამოყალიბებასა და გრძელვადიანი ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი წარმატებების მიღწევას.
„Meliora 2018“ CSRDG-ის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა. მასში 43 კომპანია 77 CSR პროექტით მონაწილეობდა. კომპანიების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი 77 პროექტიდან, წამყვანმა უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, 10 ყველაზე პასუხისმგებელი და სამაგალითო პროექტები გამოავლინეს. 2018 წლის კონკურსი მხარდაჭერილი იყო სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების, საქართველოს მთავრობისა და მედია ორგანიზაციების მიერ. ქართული წამყვანი მედია არხების საშუალებით კონკურსის შესახებ ინფორმაცია1,230,500 ადამიანს მისწვდა.
მხარდაჭერა
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის სპონსორია „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 იმართება ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციების, ბიზნეს-პლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ფინანსთა სამინისტროს აკადემია; შვედეთის საელჩო საქართველოში; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერს USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი ხორციელდება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.
პროექტის შესახებ ინფორმაცია: პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020), რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 24 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); ასევე პირველად ჩაატარა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora”.