მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს.

მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტი ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების სისტემის რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ყველა ქვეყანაში ზომავს ადამიანური კაპიტალის ინდექსს. ეს  პირდაპირ კავშირშია 21-ე საუკუნეში საქართველოს კონკურენტუნარიანობასთან. ჩვენ ამ კუთხითაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, პროექტი  ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის ზრდაში დაგვეხმარება.

„პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა და სოფლებში, მათ შორის ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …