თბილისი (BPI) – მაუწყებლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. 25%-ით არის გაზრდილი კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დროც.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, სარეკლამო შემოსავლების ზრდაა ყველა ეროვნულ მაუწყებელში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს. კლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა ძალაში და არხს ევროპული პრაქტიკის მსგავსად კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა.
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პალიტრა ტვ-ს – 216% დაუფიქსირდა. ტელეკომპანია პირველს კი – 38%. 35%-ით გაიზარდა GDS-ის სარეკლამო შემოსავალი. 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 27%-იანი ზრდა აქვს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, სტუდია მაესტროს – 13%, ხოლო ტელეიმედის შემოსავალი 4%-ით გაიზარდა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალმა, რ2019 წლის პირველ კვარტალში 52%-ით დაიკლო. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა, არასამთავრობო სექტორისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოსავლები გაეზრდებოდა, ეს თანხა კი რეგიონულ მედიას დააკლდებოდა”, – აღნიშნულია კომისიის ანგარიშში.
მაჩვენებელი იმ არხებს ეხება, რომლებსაც 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სხვა კომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდათ: იმედი, რუსთავი 2, GDS, სილქნეტი, ტელეკომპანია პირველი, 1-ლი გასართობი.