მარიხუანას თრობის ქვეშ მყოფი მძღოლები კანონით დაისჯებიან

თბილისი (BPI) – მარიხუანას თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პატრულ-ინსპექტორები გამოიყენებენ პორტატულ ნარკოტესტებს, რომელიც ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირს დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში შეამოწმებენ.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

„კომპლექსური ნარკოპოლიტკა ჩვენ არ გვაქვს, ეს სამუშაოა და საფიქრალია. ამ მომენტში ჩვენ დავაზღვიეთ რისკები და ვთქვით რომ მაშინ როდესაც ადამიანი იმყოფება კლინიკური თრობის ქვეშ, ავტომობილის მართვა უნდა იყოს დასჯადი. რატომ? როდესაც ჩვენ საზოგადოებაში მოხდა მარიხუანას მოხმარების ფაქტობრივი ლეგალიზება, ეს სფერო დარჩა უკონტროლო. თუ წინა კანონმდებლობას დავტოვებდით, მაშინ ნარკოტიკული თრობის პირობებში ავტომობილის მართვა, ადამიანზე არ იყო დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელი იყო დაწესებული. ამ ნაწილში, ერთადერთი, რის გასწორებაც შეიძლება, არის ის, რომ სიმთვრალის ნაწილიც გავამკაცროთ, რადგან აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის“– აღნიშნა გახარიამ.

პარტია გირჩში მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციით დაისჯება ყველა ადამიანი, რომელმაც ღამის საათებში კანონით მინიჭებული უფლებით მოიხმარა კანაფი და დილით ავტომობილით წავიდა სამსახურში.

მათივე თქმით, ნარკოტესტი, რომელიც ადგენს მოიხმარა თუ არა ადამიანმა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში მოქალაქეებს უსამართლოდ დასჯის. გირჩი მოუწოდებს შსს-ს არ აღასრულოს კანონის ახალი მუხლი კანაფთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და ადამიანები არ მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ ღამით მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებულია.

თამარ ძინძიბაძე,

საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …