თბილისი (BPI) – 11-16 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, კობა გვენეტაძე შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინსთან, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან და მისიის სხვა წევრებთან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძე სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში “მმართველთა საუბრები”. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის თემაა – “საქართველოს გამოცდილება ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით”.
აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრები სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან.
საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.