თბილისი (BPI) – ბარსელონაში გამართულ ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე საქართველოს უროლოგთა ასოციაციის დელეგაციამ კავკასია-ცენტრალური აზიის სექციის სხდომას უხელმძღვანელა. სესიამ რეგიონის 8 ქვეყანის დელეგაცია საქართველო, სასომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი გააერთიანა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კავკასია-ცენტრალური აზიის უროლოგთა ასოციაციების პირველი რეგიონული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი და ხელმძღვანელიც საქართველოს უროლოგთა ასოციაცია იქნება მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისში ჩატარდება.
კონგრესის ფარგლებში ქართველმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა ერთობლივი ნაშრომი წარადგინეს. საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფ. არჩილ ჩხოტუა კი თავმჯდომარეობდა კონგრესის სესიას, რომელიც თანამედროვე უროლოგიის უმნიშვნელოვანეს პრობლემას: საშარდე გზების ინფექციებს მიეძღვნა . წელს პირველად, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ანდროლოგიის სექცია ევროპის უროლოგთა ასოციაციის ანდროლოგიური უროლოგიის სექციაში გაწევრიანდა, ხოლო ქართველი ანდროლოგი, სუა-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ხელაია ანდროლოგიური უროლოგიის სექციის ბორდის ასოცირებული წევრი გახდა.