ერევანში არბიტრაჟის სფეროში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

თბილისი (BPI) – სომხეთის ქალაქ ერევანში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი  (GIAC) YE (Ernst & Young) საქართველოსა და სომხეთთან თანამშრომლობით,  გამართავს კონფერენციას საარბიტრაჟო პრაქტიკის ქართულ-სომხური პერსპექტივების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ,  როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები და დარგის ექსპერტები. კონფერენციას გახსნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აუდიტორიას ასევე მიმართავს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი და EY-ის წარმომადგენელები. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი დაეთმობა საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ მსჯელობას.

„ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, როგორც ხშირად აღვნიშნავთ, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველო არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია  რეგიონის სხვა ქვეყნების ბიზნეს-სექტორებთან, რათა მათ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ბიზნეს-დავების ალტერნატიული მექანიზმით გადაწყვეტის შესახებ და შევთავაზოთ საქართველოში ფუნქციონირებადი საერთაშორისო არბიტრაჟი. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს  ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მნიშვენლოვანი გეგმები აქვს, აუცილებელია ეს ბენეფიტი მეზობელ ქვეყნებსაც გავუზიაროთ და შევთავაზოთ მათ ბიზნეს-დავების გადაწყვეტის კომფორტული მექანიზმი, რომლის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაც საერთაშორისოდ აღიარებული და სანდოა. გვიხარია, რომ უკვე ძალიან მაღალია ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველი ბიზნეს-სექტორის აქტივობა“ – აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია ღონისძიების მნიშვნელობის კომენტირებისას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. მის უმთავრეს მიზანს დავების ადმინისტრირების გარდა, ქვეყანაში არბიტრაჟისა და ზოგადად დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი თანამშრომლობს არბიტრაჟის მსოფლიო დონის ექსპერტებთან, საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან და იურიდიულ ფირმებთან. მათ შორის, ჰააგაში არსებულ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოსთან (PCA), საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC Arbitration Court), ლონდონის, სტოკჰოლმის, ვენის საარბიტრაჟო დაწესებულებებთან  და ა.შ.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …