„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერი ეროვნული ფონდი“ მუშაობას შეუდგა

თბილისი (BPI) – საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIFG) ორგანიზებით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერი ეროვნული ფონდის“ გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.  

CCIFG-ის მხრიდან ფონდის დამფუძნებელია მისი პრეზიდენტი ანტუან ბარდონი. დამფუძნებელთა შორის არიან ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), JPA International-ის (საფრანგეთი), საქართველოს ბიზნესის პალატის, საქმიან ქალთა გაერთიანების, ჩაის მეწარმეთა გაერთიანების, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების წარმომადგენლები. ფონდის ბორდში ასევე შედის რამდენიმე კერძო პირი ბიზნესიდან და სამთავრობო სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის მიმართულებით და ამ სფეროში რეფორმების შეუქცევადობის მხარდაჭერა.

ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე გამომსველებმა ისაუბრეს მემორანდუმის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმ პირებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საქმიანობითა და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმების შესახებ პროფესიულ წრეებში, ბიზნესსა და ზოგადად, მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებით.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: მისი აღმატებულება საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი პასკალ მუნიე; ბატონი ანტუან ბარდონი – CCIFG; ქალბატონი მაია მელიქიძე – ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია; ქალბატონი მერსი ტემბონი – მსოფლიო ბანკის ქვეყნის დირექტორი; ქალბატონი ირინა გორდელაძე- მსოფლიო ბანკის CFRR პროექტი; ბატონი ზურაბ კაჭკაჭიშვილი – საერთაშორისო სავაჭრო პალატა; ბატონი პიერე კლუე – ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში; ბატონი იური დოლიძე – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; ბატონი ჟაკს პოტდევინი – JPA International პრეზიდენტი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.

ფონდმა უკვე მოასწრო თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება საქართველოში აკრედიტირებულ 9 წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან, საბანკო ასოციაციასა და ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომიასთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო წრეების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის და ბიზნეს ასოციაციების, უმაღლესი სასწავლებლების, ფრანგული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

საქართველოში უცხოელი დონორების დახმარებით მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში რეფორმების მხარდაჭერის აქტივობების განხორციელება. რეფორმა გათვალისწინებულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით, ევროკავშირის დირექტივებითა და საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA).

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …