თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე თანამდებობას ტოვებს. მის მაგივრად თანამდებობას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე დაიკავებს.
გიორგი ჭირაქაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე მე ყოველთვის მჯეროდა, ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ერთი მთავარი პრინციპით – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უნდა ჩამოყალიბებულიყო ძლიერ ინსტიტუტად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული ერთ, ორ, ან რამოდენიმე ადამიანზე.
მე უკვე ათი წელია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვარ და ძირითადი მიზანი ცალსახად მიღწეულია – დღეს ჩვენი ბიზნეს გაერთიანება, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის, აქტიური ჩართულობის და მონდომების შედეგად, ქვეყანაში გავლენიანი და ანგარიშგასაწევი ინსტიტუტია, რომელსაც პატივს სცემენ ისინიც კი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ბიზნესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.
დღეს, ჩვენი გაერთიანების არსებობის ათი წლის თავზე, როდესაც ასოციაციის წევრთა რაოდენობა (72 წევრი) ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც ასოციაცია არის არაერთი წარმატებული ეკონომიკური თუ სამართლებრივი რეფორმის ინიციატორი და მხარდამჭერი, როდესაც ბიზნესისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან მიმართებაში, ასოციაციის პოზიციით პროაქტიურად ინტერესდება ხელისუფლების ყველა შტო, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მედიასაშუალება – ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა შედეგები შევაჯამოთ და მე ჩემის მხრივ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც დარწმუნებული ვარ მხოლოდ წაადგება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წარმატებებს – მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერა.
ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება მემკვიდრეობითობა და ამდენად, ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაარსების დღიდან, იკავებდა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას. 2011 წელს ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე არჩეულ იქნა ასოციაციის პირველ ვიცე პრეზიდენტად.
სოსო ფხაკაძე ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
დაფუძნების დღიდანვე, სოსო ფხაკაძე აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის საქმიანობაში და ის მონაწილეა ყველა იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რაც ასოციაციამ გაიარა მისი დაარსებიდან დღემდე.