ბანკები საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე: მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება. სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას აღნიშნული სააგენტო განახორციელებს.  საკრედიტო – საგარანტიო სქემაში მონაწილეობის კონტრაქტზე ხელმოწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. დოკუმენტი კომერციულ ბანკებსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა.

საკრედიტო -საგარანტიო  სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

თიბისი ბანკის რისკების დირექტორის დავით ჭყონიას განცხადებით, თიბისი ბანკი მზადაა, მიიღოს აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. „მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც მხარს უჭერენ მცირე და საშუალო ბიზნესს და მიმართულია აღნიშნული სეგმენტის გაძლიერებასა და განვითარებაზე. კარგია, რომ ეს მოხდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით. ჩვენ მზად ვართ ჩვენს კლიენტებს აღნიშნული პროდუქტი უფრო აქტიურად შევთავაზოთ,“ – განაცხადა დავით ჭყონიამ.

„ინიციატივა, რომელიც წამოვიდა ეკონომიკის სამინისტროდან, არის ერთ-ერთი კარგი კომპონენტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ახალი ინიციატივა კიდევ უფრო დაეხმარება ამ სეგმენტს და განსაკუთრებით ტურიზმისა და წარმოების მიმართულებებს,“ – განაცხადა „პროკრედიტბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საკრედიტო – საგარანტიო სქემამ მეტი მნიშვნელობა შეიძინა არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება არსებულ მდგომარეობაში ეკონომიკის წახალისების მიზნებისთვის ამ პროექტის ოპერატიულად ამოქმედება. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ბანკების ჩართულობა ძალიან მაღალია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პროექტების დამუშავებაზე,“ – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

„ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით აღნიშნულ სქემაში და იმის გამო, რომ მოთხოვნა, ძირითადად, ტურიზმის სექტორიდან იყო, ჩვენ მეტ ყურადღებას ასეთ პროექტებს მივაქცევთ,“ – განაცხადა იშბანკის ფინანსურმა დირექტორმა უჩა სარალიძემ.

საკრედიტო საგარანტიო  მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.  აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …