ახალი სტრატეგიის თანახმად, საქართველო 5 წელში ADB-ისგან $2 მლრდ-ს მიიღებს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკმა (ADB), დღეს, საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა.

2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.

ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევაზე საქართველოში ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გზით ქვეყნისა და ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონისთვის. ის ასევე გააძლიერებს ქვეყნის კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს მთავრობის საბაზრო ეკონომიკის განვითარებისკენ სწრაფვას  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და სამუშაო ძალის გადამზადების გზით.

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობის ხელსაყრელად გამოყენების კარგი შესაძლებლობა აქვს. ქვეყანას მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან 30-ზე მეტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს დადებული და წარმატებით განაგრძობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, უმუშევრობის მაღალმა დონემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის და დაბალი წარმადობით  გამოწვეულმა მიმდინარე ანგარიშის მწვავე დეფიციტმა ქვეყანას სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ მისცა. ამ გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა არის ADB-ის ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის მთავარი მიზანი.

„მოხარულები ვართ განვაგრძოთ საქართველოს მთავრობასთან მტკიცე თანამშრომლობა, რათა დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაში,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა. „ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის პრიორიტეტია ქვეყნის ღიაობის შემდგომი გაღრმავება მსოფლიო ეკონომიკების მიმართ,  ქვეყანაში დოვლათის გაზრდისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით. ამას რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის, ვაჭრობის ხელშეწყობით, სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნების განვითარებით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, საცხოვრებლად უკეთესი ქალაქების, უკეთ მომზადებული სამუშაო ძალის, ინსტიტუციური რეფორმებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად ბიზნესის განვითარების გზით შევძლებთ.“

ახალი სტრატეგიის ხელშესაწყობად ADB-ის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც განვითარების პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში მოიაზრება მთავრობის სამი მთავარი პროექტიც: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება. აღნიშნული პროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის მიმართულებით, რაც შესაძლებელი გახდება გაუმჯობესებული საგზაო კავშირებისა და ვაჭრობის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნითა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით.

სატრანსპორტო დერეფნების განვითარების პარალელურად, ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს მთავრობის ხედვას დაუკავშიროს დერეფნები ეკონომიკური საქმიანობის ადგილობრივ ცენტრებს, მთავარ ტურისტულ მიმართულებებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. პრიორიტეტული იქნება ქალაქების მდგრადი განვითარება, რომლებიც მსხვილი ბიზნესის, ლოგისტიკისა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ცენტრებად იქცევა და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

„ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგიის საბოლოო მიზანი კავკასიის დანარჩენ მსოფლიოსთან კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირება და მეზობელ ქვეყნებში სხვა რეგიონული თანამშრომლობების ხელშეწყობაა. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია სრულად ემთხვევა მთავრობის მიერ შემუშავებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას – თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა: სამთავრობო პლატფორმა 2016-2020 – და ADB-ის სტრატეგია 2030, რომელთა მიზანია კიდევ უფრო მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და ინტეგრაცია,“ განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ვერნერ ლიპახმა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …