თბილისი (BPI) – აჭარაში შესაძლოა ფრენების სუბსიდირება მოხდეს. საუბარია არასეზონურ პერიოდზე, როდესაც მგზავრთნაკადი საზღვაო ტურისტულ სეზონთან შედარებით მცირეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბათუმში ტურისტული ფესტივალის „ტურისტერის“ ფარგლებში გაჟღერდა, სადაც ითქვა, რომ განიხილება როგორც რეგულარული ასევე ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირება.
როგორც ირკვევა, აჭარის მთავრობაში საკითხი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და არასეზონურ პერიოდში ტურიზმის სტიმულირებისთვის მრავალი მეთოდის განიხილება მიმდინარეობს.
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში „სუბსიდირების შესახებ“ კანონის მიღებასაც არ გამორიცხავენ. აჭარას, რომელსაც 4 სეზონის კურორტად ჩამოყალიბებაზე აქვს პრეტენზია, მიზნის მისაღწევად კომპლექსურ გამოსავალს ეძებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ დადგა დრო, რომ „სუბსიდირების შესახებ“ კანონმა დღის შუქი იხილოს.
„თუმცა ამისათვის დაგვჭირდება სწორი სტატისტიკური მონაცემები, თუ რომელი მიმართულებებისა და ავიარეისების სუბსიდირებას ვაკეთებთ. ფრენის სუბსიდირება ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა გავა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ თუ რა მიმართულებებს ვაფინანსებთ, ვინ შემოგვყავს. იმიტომ, რომ ტურისტების რაოდენობრივი მაჩვენებელი მაინცადამაინც პანაცეა არ არის. უნდა მოხდეს გაანალიზება, მაგალითად აჭარაში შემოსული ტურისტი რამდენს ხარჯავს. არამგონია, რომ ამ მხრივ მაინცადამაინც სახარბიელო მონაცემები გვქონდეს. ტურისტს თავის მხრივ თავისი ცვეთაცაქვს, იმიტომ რომ ის გადაადგილდება, სატრანსპორტო საშუალება სჭირდება და ასე შემდეგ. შესაძლოა ცალკეული ერთი ტურისტის მიერ განხორციელებული ცვეთა უფრო ძვირი იყოს, ვიდრე მის მიერ რეგიონში დატოვებული თანხა. ამიტომ ეს არის კარგად დასათვლელი, თუ რა კატეგორიის ფრენების სუბსიდირებას მოვახდენთ და გვიღირს თუ არა ფრენების სუბსიდირება”, აცხადებს დავით გაბაიძე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სუბსიდირებით არ უნდა მოხდეს ბაზრის მოთამაშეების არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენება და ამიტომ საქმეში კონკურენციის სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.