თბილისი (BPI) – კომპანია „სოკარი“ განაგრძობს შშმ პირთათვის სპორტული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მხარდაჭერას. პროექტს, რომელსაც ახალგაზრდული მედია კავშირი ახორციელებს და წლის განმავლობაში 20–ზე მეტ აქტივობას და 500–ზე მეტ შშმ პირს აერთიანებს, 15 ოქტომბერს, კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა. ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კაჭრეთის რეკრეაციულ სივრცეში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ვეტერანებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა შშმ პირებმა. მათ საკუთარი ძალები გამოსცადეს სპორტის ისეთ ელიტურ სახეობებში, როგორებიცაა გოლფი, ცხენოსნობა, სასტენდო სროლა და ბოულინგი.
მინი გოლფის ტურნირი გუნდური პრინციპით ჩატარდაა. კენჭისყრით დაკომპლექტდა 5–5 კაციანი გუნდები. აქტივობა მეტად აზარტულად წარიმართა. შეჯიბრებას არც ოვაციები აკლდა. პირველობა არავის დაუთმო პარამკლავჭიდელის ნინო საბაშვილის გუნდმა, რომელმაც გარდამავალი თასიც 1 წლის ვადით მოიპოვა.
პროექტის თითქმის ყველა მონაწილემ, მათ შორის ზურგის ტვინის დაზიანების მქონე და ამპუტანტმა პირებმა საკუთარი ძალები ცხენოსნობაშიც მოსინჯეს. ბევრისთვის სპორტის ამ სახობასთან შეხება პირველი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
დღე სასტენდო სროლის შეჯიბრებით გაგრძელდა. ელიტური სპორტის ამ სახეობაში ჩემპიონატი მეტად საინტერესოდ და აზარტულად წარიმართა. 25–ზე მეტმა მონაწილემ იბრძოლა გამარჯვებისთვის, თუმცა პირველი ადგილი არავის დაუთმო სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა გელა ხელაძემ, ხოლო მეორე მესამე ადგილებს დასჯერდნენ ვეტერანი ბადრი ტოგონიძე და პროექტის სტუმარი ალექსანდრე იაკობაშვილი.
პროექტი ბოულინგის ტურნირით დასრულდა. ჩემპიონატში მონაწილეობა 6–მა გუნდმა მიიღო. მონაწილეები თავდაუზოგავად იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. ამხნევებდნენ ერთმანეთს და საუკეთესო შედეგებსაც აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. გამოვლინდა გუნდური და ინდივიდუალური გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ დიპლომები, ხოლო „კაჭრეთი 2020“-ის თასი ავღანეთში დაჭრილი ჯარისკაცის ნაომი გოგიბერიძის გუნდმა მოიპოვა და გამარჯვებაც იზეიმა.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებით საქართველოსთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და თანაბარ უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.
პროექტის პარტნიორები გახლავთ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ვეტერანტა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური.