წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია 56 მლნ-ად იყიდება

თბილისი (BPI) –  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში,  ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში  სამთავრობო რეზიდენცია – აგარაკები გამოიტანა.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარად სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ შეაფასა.

მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო და/ან საცხოვრებელი კომპლექსი. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია. პროექტის განხორციელება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამავე დროს, ამით ხელი შეეწყობა მომიჯნავე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას.

წყნეთის აგარაკები ცნობილია თავისი გამწვანებით და წიწვოვანი ხეებით. საპრივატიზებო პირობებში ცალსახადაა მითითებული, რომ ტერიტორიის განაშენიანება გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც მწვანე საფარის სრულად დაცვას ითვალისწინებს.

პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.

გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების  განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

აუქციონი იქნება მუდმივად შევსებადი და ეტაპობრივად დაემატება ახალი ობიექტები.  საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

BAG: აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

თბილისი (BPI) – ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 (ოთხი) საკონტროლო …