ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის სესიის პლენარულ სხდომაზე გამკაცრებული ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროების მიზეზები განმარტა და მონეტარული პოლიტიკის გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

“გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და დროებითი შოკების ამოწურვის კვალდაკვალ ინფლაცია უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული საომარი მოქმედებების შედეგად მაშინ როდესაც, COVID-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მეტად შეფერხდა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამ მიზეზების გამო მაღალი ინფლაციის პერიოდი გახანგრძლივდა, რაც ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს და, ამიტომაც, ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა. მიუხედავად პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკის გამკაცრების თანმდევი ეკონომიკური ზრდის შენელებისა, საქართველოში საგარეო მოთხოვნა ტურიზმისა და მიგრანტების ხარჯების ფონზე ძლიერია, რაც მთლიანობაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს. ძლიერი მოთხოვნა კი, თავის მხრივ, ინფლაციის შემცირების პროცესს ანელებს. მაგალითისათვის, მკვეთრადაა გაზრდილი ქირის ფასები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გამყარებულია. ინფლაციის პიკური პერიოდი გადალახულია და მისი შემცირების ტენდენციაც დაწყებულია“, — განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

 

კობა გვენეტაძის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მწვავე მოვლენები მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს. „ერთი მხრივ, გლობალურად რეცესიის რისკები დგას, მეორე მხრივ კი, მწვავე ინფლაციური შოკები გრძელდება, რამაც ინფლაციური მოლოდინების ზრდაც გამოიწვია. ასეთ ვითარებაში, და რადგანაც ინფლაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დაკრედიტების შენელება, ეროვნულმა ბანკმა, გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა, სხვა დამატებით ინსტრუმენტებსაც მიმართა“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს …