“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ვალერიან ხასაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ, ნაცვლად 2 წლისა.

ცვლილებები შეეხება ზედამხედველი ორგანოებისთვის უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრის საკითხსაც. კერძოდ, საზედამხედველო უწყებებს გაუჩნდებათ მკაფიო სამართლებრივი საფუძველი ელექტრონულად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, აგრეთვე კლიენტის მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის წესის მისაღებად.

პროექტი თვალისწინებს იმ უწყებათა სიის გაფართოებას, რომლებისთვისაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შეუძლია საეჭვო ტრანზაქციის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გადაგზავნა. გაიზრდება, აგრეთვე, იმ უწყებების სია, რომლებსაც შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისაგან ინფორმაცია. გაფართოვდება იმ დანაშაულების სიაც, რომლებზედაც ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ვრცელდება.

ვალერიან ხასაშვილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია კანონმდებლობაში აისახოს ევროპის საბჭოს მიერ მოცემული რეკომენდაციები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხები, რომლებიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის აღკვეთას შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია.

„საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, ვაანალიზებთ და ამის შესაბამისად ხდება საკითხების ინიცირება. ფინანსური მონიტორინგის სამსახური კი, უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში, მის კომპეტენციის ფარგლებში. რადგან ეს საკითხები იქნა იდენტიფიცირებული, ჩვენ მხარი დავუჭირეთ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან კანონმდებლობაში ხარვეზების გასწორება ან გაუმჯობესება გამოიწვევს რეკომენდაციების უფრო სრულყოფილად შესრულებას“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

შემთხვევითი სიახლე

აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის …