სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დიმიტრი კრიმოვს მასპინძლობს

10-11 მაისს, თბილისში, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის დიმიტრი კრიმოვის სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს.
შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი კრიმოვი მსახიობებთან მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ორი წარმომადგენლის, უილიამ შექსპირისა და ანტონ ჩეხოვის, პიესებზე იმუშავებს. სოხუმის თეატრის მსახიობების გარდა, შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა თეატრის 15 მსახიობი.
2023 წლის 12 მაისს კი, 18.00 საათზე, თბილისში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფართო აუდიტორიისთვის, გაიმართება დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო, სადაც ნაჩვენები იქნება ეპიზოდები მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან. ბილეთები ხელმისაწვდომია TKT.GE -ზე
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, დარგის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას. ცნობილი რეჟისორი 2022 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობს და საკუთარ ახალ ლაბორატორიას Krymov Lab NYC ხელმძღვანელობს. თბილისში ის უნიკალურ მხატვრულ ენას გაუზიარებს აუდიტორიას.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „სილქ ჰოსფითალითი“.
„ჩემი სახელით და ყველა მონაწილე თეატრის მსახიობების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის საქართველოში ჩამოყვანა. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი მასპინძლობს მას და დაუვუწყარ შთაბეჭდილებებს ვჩუქნით თეატრის მოყვარულებს.“ – აცხადებს სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე.
„15 წლის წინ ვნახე კრიმოვის OPUS #7 და მივხვდი, რომ, მხატვრული ღირებულების გარდა, იყო კიდევ სხვა რამ, რამაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ეს იყო მცდელობა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი წარსულის და მომავლის შესახებ დაუფარავად, ობიექტურად საუბარი, თუნდაც დიდი ტკივილის ფასად. დღეს 2023 წელია და რა ბედნიერებაა, რომ ეს ხელოვანი კვლავ თავისი შეხედულებების ერთგულია.“ – ამბობს მსახიობი ნინო კასრაძე.
კომპანია სილქნეტი, რამდენიმე წელია სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპონსორია და სპექტაკლების გარდა, სხვა ღონისძიებების – გულშემატკივარი და მხარდამჭერი.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება

თუ გსურს, ისწავლო  პირადი ფინანსების მართვა ეფექტურად, მიიღო დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებები  და დაიწყო სვლა მომავალი …