საქართველოს ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის საკოლექციო მონეტების გამოშვებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას “საქართველოს მეფეების” სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტებს მეფე ვახტანგ გორგასალს უძღვნის. ამ მონეტების გამოშვება მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, მათი დამზადებისა და, შესაბამისად, გამოშვების პროცესი ობიექტური მიზეზების გამო ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში გარკვეულწილად გაჭიანურდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 20 დეკემბრიდან იწყებს მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის მონეტების ეტაპობრივად გაყიდვას. ოქროს მონეტის ფასი 1 380 ლარია და მათი შეძენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი:

2022 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე), მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.

2023 წლის 3 იანვრიდან წინასწარ შეკვეთილი ოქროს მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge

2023 წლის 16 იანვრიდან დაიწყება ოქროს მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით – ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

ვახტანგ გორგასლის ვერცხლის საკოლექციო მონეტების გაყიდვის დაწყების ზუსტი თარიღი და მასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნდება.

ოქროს მონეტის დიზაინის ესკიზი

ოქროს მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფის გამოსახულება, რომელიც შექმნილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით. მონეტაზე, დატანილია წარწერა “ვახტანგ I გორგასალი” და მისი მეფობის პერიოდი “Vს”. მონეტის უკანა ფონზე წარმოდგენილია თბილისი, კერძოდ მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის ილუსტრაცია.

ოქროს მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარის გამოსახულება. მუზარადზე გამოსახულია მგლის თავი (როგორც მეფე ვახტანგ გორგასლის სიმბოლური ზედწოდება). მონეტაზე დატანილია წარწერები: “5 ლარი”, “საქართველო”, “2022”, “GEORGIA”.

 

ოქროს მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Au 900
წონა: 8.5 გ
დიამეტრი: 25 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1800 ცალი
გამოშვების წელი: 2022
დიზაინერი: ელენე გოგორელიანი

მონეტები მოჭრილია ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …