ნენსკრა ჰესის ინვესტორებს ნათია თურნავა შეხვდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უმსხვილესი კორეული კორპორაციის Korea Water Resources Corporation (K-water)-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰაკ სუ ლის შეხვდა.

აღნიშნული კორპორაცია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის – „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორი კომპანიაა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი დანელია,  ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე რევაზ ტყავაძე, საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი დონგ ოპ კიმი და  „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორი სანიონგ კიმი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მშენებლობასა და მომავალ გეგმებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგური პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამასთან, ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში იქნა მიღწეული K-water-ის ძალისხმევითა და მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების განხორციელებით, რითაც მათ დაინახეს ის სარგებელი, რომელსაც პროექტის განხორციელება მოიტანს.

ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა კორეელ ინვესტორს, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტრენინგები და საგანმანათლებლო პროგრამები. მისივე თქმით, მომავალში შესაძლოა, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და K-water-ის მხარდაჭერით განხორცილდეს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრები ახალგაზრდები კორეის რესპუბლიკას ეწვევიან, გაეცნობიან იქაურ კულტურას, ტურისტულ და ბიზნეს გარემოს.

თავის მხრივ, უმსხვილესი კორეული კორპორაციის ხელმძღვანელმა, ჰაკ სუ ლიმ მზად ყოფნა გამოთქვა მომავალი თანაშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოებისთვის.

Korea Woter Resources Corporation (K-water) კორეის სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაფუძნდა. კომპანია მსოფლიოს 24 ქვეყანაში 67 პროექტს ახორციელებს

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებს

თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მლნ ლარზე მეტს გაიღებს. ბანკის ცნობით, „თიბისი შენთვის“ – …