მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება – საქართველოს მომდევნო მეტოქეები ნიდერლანდები და იტალიაა

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 8-დან 7 ჯგუფში ყველაფერი 4 ივლისს დალაგდა, მხოლოდ ჩვენს ჯგუფში იყო დარჩენილი ერთი მატჩი, რომელიც 3 თვის წინ უნდა ჩატარებულიყო და უკრაინაში დაწყებული ომის გამო გადაიდო. უკრაინელებმა საქართველოს მსგავსად ლატვიის დედაქალაქ რიგაში უმასპინძლეს ესპანელებს და დაძაბულ ბრძოლაში – 76:77 დამარცხდნენ, რაც საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგი გახლდათ და აი რატომ:

უკრაინას რომ მოეგო, ჩვენი ჯგუფის 3 ნაკრებს – ესპანეთს, უკრაინას და საქართველოს თანაბარი ქულები – 4 გამარჯვება და 2 მარცხი უგროვდებოდათ. ამ გუნდებს შორის ბურთების შეფარდებით კი პირველზე ესპანეთი, მეორეზე უკრაინა და მესამეზე საქართველო გავიდოდა. თუმცა დაკავებულ ადგილებს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ საქართველოსთვის ცუდი ის იყო, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას დამატებით ესპანეთთან გამარჯვება გაჰყვებოდა – ანუ ჩვენც და უკრაინასაც მომდევნო ეტაპზე თანაბარი: 2-2 მოგება გვექნებოდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას ჩვენთან ნათამაშებ პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებში ბურთების შეფარდების წყალობით უპირატესობა აქვს (5 ქულით წააგო და 13-ით მოგვიგო), ეს მომენტი, რა თქმა უნდა, სლავებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებდა.

ახლა კი რა ხდება? მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს წინ ესპანეთი, იტალია და ისლანდიაა (სამივეს 3 მოგება), საქართველო კი მე-4 ადგილზეა 2 მოგებით, შემდეგ მოდიან 1 მოგების მქონე უკრაინა და გამარჯვების გარეშე მყოფი ნიდერლანდები. კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ რადგან H ჯგუფიდან (იტალია, ისლანდია, ჰოლანდია, რუსეთი), რომელთანაც ჩვენი (G) ჯგუფი გაერთიანდა, რუსეთი მოკვეთეს, თანაბრობა რომ ყოფილიყო დაცული, საქართველოს, ესპანეთს და უკრაინას ბოლო ადგილზე გასულ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაჩვენები შედეგები (მოგებები) ჩამოაჭრეს. თუმცა ეს ვარიანტი მაინც ჯობდა საქართვეოსთვის, რადგან რუსეთი რომ დარჩენილიყო, საქართველოს მეორე ეტაპზე 2 მოგებით მეტი კი ექნებოდა, მაგრამ რუსეთის სახით უძლიერესი კონკურენტიც ეყოლებოდა. მესამე ვარიანტს რაც შეეხება, რუსეთის მოკვეთის მიუხედავად ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული მოგებები რომ შეენარჩუნებინათ, არაპარიტეტული იქნებოდა, რადგან რუსეთს მხოლოდ 3 მატჩი მატჩი ჰქონდა მოკვეთამდე H ჯგუფში ჩატარებული და ნაწილი შედეგების დატოვება არათანაბარ პოზიციაში ჩააყენებდა ჯგუფების გაერთიანების შემდეგ გუნდებს.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველო (ისევე როგორც უკრაინა და ესპანეთი) 3 მეტოქესთან (იტალია, ისლანდია, ნიდერლანდები) 6 მატჩს (შინ და სტუმრად) გამართავს. 6 ტურის შემდეგ საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მე-2 ჯგუფური ეტაპის ცხრილი
1. იტალია                 7 ქულა
2. ისლანდია             7 ქულა 
3. ესპანეთი                7 ქულა
4. საქართველო         6 ქულა
5. უკრაინა                  5 ქულა
6. ნიდერლანდები   4 ქულა

6 ტურის მატჩი 3 ფანჯრის ფარგლებში გაიმართება. პირველი ფანჯრის 2 შეხვედრას საქართველო აგვისტოში გამართავს – 24-ში თბილისში ჰოლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 27 აგვისტოს სტუმრად იტალიას ეთამაშება. შემდეგი ორ მატჩს საქართველო ნოემბერში გამართავს, ხოლო ბოლო 2 ტური 2023 წლის თებერვალში დანიშნულ ფანჯრის ფარგლებში ჩატარდება.

2022 წელი
24 აგვისტო   საქართველო – ნიდერლანდები
27 აგვისტო   იტალია – საქართველო

2022 წელი
11 ნოემბერი   ისლანდია – საქართველო
14 ნოემბერი   საქართველო – იტალია

2023 წელი
23 თებერვალი   ნიდერლანდები – საქართველო
26 თებერვალი   საქართველო – ისლანდია

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი, უნიკალური პროდუქტი „ქარავანი“ გამოჩნდა

„მუსიკალური ქარავანი“ – ეს არის ტურისტული მოძრაობა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს გემოვნებიან …