მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილია – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთის ერთ ლარად პრივატიზაცია ტყუილი და კონკრეტული მედიასაშუალების მიერ წარმოებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთები ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებით გადაეცემა და ამ ვალდებულებაში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილება შედის.

„საქმე ეხება თემას, რომელიც ქვეყანაში 30 წელია არსებობს და დედაქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3 000 ოჯახი. ნამდვილად მეამაყება, რომ მე, ჩემს თანაგუნდელებთან, მთავრობის წევრებთან ერთად, ვარ ის ადამიანი, რომლებმაც ამ პროცესის მოწესრიგება დავიწყეთ. ყველა ამ ოჯახს, ადამიანს დაუბრუნდება საკუთარი საცხოვრებელი ფართი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი. 2016 წელს სახელმწიფომ ეს ვალი აღიარა და მოგვანიჭა უფლებამოსილება, რომ მოხდეს ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ჩვენ სწორედ ამ განკარგულებით ვხელმძღვანელობთ. ჩემამდე იყო რამდენიმე პრეცედენტი ამ პრობლემის მოგვარების, თუმცა, ასეთი მასშტაბური მიდგომა არასდროს ყოფილა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოვახერხოთ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია დედაქალაქში ეძებს თავისუფალ მიწის ნაკვეთებს, რომელიც აუქციონზე გააქვს და ბიზნესსექტორს კონკრეტულ წინადადებას სთავაზობს – ვინც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მეტ ოჯახს დააკმაყოფილებს და მათთვის მეტი ფართის გადაცემას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული.

„ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს მიწები ერთ ლარად არის გადაცემული და ნაჩუქარი. ეს არის დიდი ტყუილი. არ შეგიყვანონ შეცდომაში. ათეულობით მილიონის ინვესტიცია უწევთ ამ კომპანიებს და მილიონობით ლარის ფართებია გადმოსაცემი მერიისთვის, რათა ეს კონკრეტული ოჯახები დაკმაყოფილდნენ. რა თქმა უნდა, საბანკო საგარანტიო უზრუნველყოფით, რათა ხვალ-ზეგ ვინმე არ გაიქცეს, ეს ნაკვეთები ისე არ დარჩეს და მისი დასრულება შევძლოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართებით 1 500-მდე დაზარალებული ოჯახი უკვე დაკმაყოფილებელია.

„რაც შეეხება ამ 3 000 ოჯახს, მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივმართო: ჩემი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის იქნება თანადგომა. მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდით და ჩვენი დაპირებამებრ, ფართებით ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ვერანაირი ბინძური სიუჟეტი, შეურაცხყოფა, ცილისწამება ვერ შეაჩერებს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისკენაა მიმართული. ვერაფერი შეგვაჩერებს, რადგან ეს არის სწორი საქმე – საქმე, რომლის მოგვარება 30 წელია ვერავინ შეძლო. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ ოჯახებს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს …