კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თბილისში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ორდღიან კონფერენციაზე – „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც ქვეყნის 5 მარეგულირებელი უწყების- საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს. კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ტერესა მორეირამ და სხვა მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა.

კონფერენცია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა, რომელმაც კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში დაწყებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ხელშეწყობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და სწორედ ამიტომ ბაზრის ხუთმა მარეგულირებელმა, შეთანხმების შედეგად, პირველად ერთიან ფორმატში, საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა გადაწყვიტა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მსგავს კონფერენციებს საქართველო მომავალშიც უმასპინძლებს.

„კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ თბილისში, ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა. კონფერენციაში 200-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება გავუზიარეთ, რაც ვფიქრობ, რომ სამომავლო პროექტების დაგეგმისთვის აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს პლატფორმა ეტაპობრივად განვავითაროთ და მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად ჩავატაროთ, სადაც ბაზრების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, დარგის ექსპერტებთან ერთად, კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, კონფერენციის ფარგლებში, ექვსი ქვეყნის კოლეგა უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერების, უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლის, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარებისა და საერთაშორისო მიდგომების პრაქტიკის შესწავლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის წარმომადგენლებთან გაფორმდა. აღნიშნული ქვეყნების კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების გაძლიერების სამოქმედო გეგმა და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები აქტიურ რეჟიმში გადავიდეს. ამას გარდა, მემორანდუმი გაფორმდა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის.

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ გამართულ კონფერენციაზე პარალელური თემატური სესიებიც გაიმართა, სადაც კონკურენციის პოლიტიკასა და მდგრად განვითარებაზე; რეგულირებულ ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის და უწყებათაშორის თანამშრომლობაზე; მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებსა და აღსრულების პროცესის თავისებურებებზე; აღსრულების ირიბ მექანიზმებზე; მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს და ევროპის პრაქტიკულ გამოცდილებაზე იმსჯელეს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …