თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მე შევეცდები ძალიან მოკლედ შევაჯამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლის იუბილეს შედეგები. მანამდე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს და რამდენიმე შედარებითი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ.

თქვენ გახსოვთ კარგად, რომ 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო ძალიან მწირი, თითქმის 70 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. ეს, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მწირი დაფინანსება. ამით შეუძლებელი იყო ჩვენი საზოგადოების მოცვა და ზოგადად, იმ საჭიროების დაფინანსება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს კრიტიკულად ესაჭიროებოდათ. ამიტომ, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება. დღეს გვაქვს რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა. 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები. ამით, რეალურად, ჩვენ რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ სექტორში. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე. ჩვენი მოსახლეობის 94% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შედეგი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ …