თეიმურაზ ლეჟავა: ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას

“როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები”- წერს იაპონური ინგლისურენოვანი გაზეთი “ჯაპან თაიმსი” (The Japan Times) და იაპონიაში საქართველოს ელჩზე – თეიმურაზ ლეჟავაზე საკმაოდ საინტერესო ისტორიას გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, ქართველ დიპლომატს საოცრად ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი – ერთ-ერთ ჰიროსიმელ იაპონურ ოჯახთან, ჯერ კიდევ 1992 წლიდან…

საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა “ამომავალი მზის ქვეყანაში” დიდი პოპულარობით სარგებლობს, “ტვიტერში” მას 40 ათასი იაპონელი ხელმომწერი ჰყავს. იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ-კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ. “ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებში მდებარე საქართველოს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე, მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. 2019 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს “ტვიტერში” საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო, რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი იმისა, თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს – შქმერულს…

იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა. შქმერული Family Mart-ის  ქსელში არსებულ 16 ათასამდე მაღაზიაში იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ  შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია. აღსანიშნავია , რომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული  იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, აქტიურად არის ჩართული ქართული კერძებისა და სასმელის პოპულარიზებაში იაპონიაში და მისი ძალისხმევით მოხერხდა სწორედ, ასეთი პოპულარული და  მასშტაბური  საცალო მოვაჭრის დაინტერესება ქართული კერძით . როგორც იაპონიაში ამბობენ, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსთვის ასეთ გიგანტურ ქსელში წარმოდგენის და მოვლენას ისტორიულს უწოდებენ.

„ძალიან მოეწონათ ნივრით გაჯერებული ქართული კერძი. შქმერული სპეციალური სადგამით ცხელ-ცხელი მიაქვთ შემკვეთთან. მასთან ერთად მენიუში შედის ბრინჯი, სალათა და პატარა მათლაფით მისოშირო – ზღვის პროდუქტების წვნიანი. ჟურნალისტებსაც ეშლებათ.ერთგან წერდნენ, არ აგერიოთ, რამდენიმე სტატიაში ამ კერძს “შუკუმერუკური” უწოდეს, ეტყობა, მერკურით იმახსოვრებენ, სინამდვილეში კი “შუკუმერური” ჰქვიაო.” – აღნიშნავს ქართველი დიპლომატი.

ასევე შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს. აღნიშნული ჯილდო, მან ცოტა ხნის წინ, სწორედ დამსახურებული დიპლომატიური საქმიანობისთვისა და იაპონიისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შედეგად მიიღო.

32 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით “ჰიროსიმანსს” (ანუ “ჰიროსიმელს”) უწოდებს, პირველად იაპონიაში 1992 წელს – საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა, მშობლებთან ერთად, და ოთხი წელი ჰიროსიმას პრეფექტურაში გაატარა (მთლიანობაში კი, იაპონიაში 20 წლის განმავლობაშია, ცხოვრობს). თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი, ჰიროსიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს. ახლა, როცა იმ ტრაგედიიდან 76 წელი შესრულდება, თეიმურაზ ლეჟავა ჰიროსიმაში ჩასვლას გეგმავს…

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თეიმურაზ ლეჟავას მამამ – ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროსიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხ წელიწადს დარჩა… ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს – ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. “მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებდა, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ – სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული”, – იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.

საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზ ლეჟავამ, თბილისის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისევ იაპონიას მიაშურა და სწავლა ჰიროსიმას უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით იგი იბარაკის პრეფექტურაში, ქალაქ ცუკუბაში გადავიდა, შემდეგ კი აშშ-ის ოაჰაიოს შტატში. მერე დაბრუნდა ტოკიოში, მუშაობდა კვების პროდუქტების იაპონურ კომპანიაში… 2015 წელს კი იგი საქართველოში გაემგზავრა. სწორედ თბილისში წასვლის წინ მოინახულა მან ტეცუზი კატოდანი, რომელიც მას 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური დაბომბვის შესახებ მოუყვა: იმ დღეს იგი, ჰიროსიმის სკოლის მოსწავლე, სამობილიზაციო კანონის შესაბამისად, მორიგე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეცუზი მორიგეობიდან გათავისუფლდა და სახლში დარჩა. როცა ატომური ბომბი აფეთქდა, სკოლა მის ეპიცენტრში მოექცა. ჰიროსიმის მცხოვრებლებთან ერთად, ტეცუზის სკოლის 369 მოსწავლეც დაიღუპა. დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ ტეცუზიმ თავისი სკოლის ნანგრევები მოინახულა და ეს საშინელება სამუდამოდ დარჩა მის მახსოვრობაში… თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ – საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა “სამხრეთ ოსეთის” კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. “ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას”, – ამბობს თეიმურაზ ლეჟავა.

“ჰიროსიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს”, – მტკიცედ ამბობს ქართველი დიპლომატი, რომელიც ჰიროსიმას მემორიალურ მუზეუმს უნდა ეწვიოს ტეცუზი კადოტანთან ერთად.

“ელჩის რანგში მე ჩემი ბაბუა, კადოტან-სანი ჯერ არ მინახავს. მას ჩემი მეუღლე და შვილები უნდა გავაცნო”, – ამბობს ლეჟავა და კოვიდ-პანდემიის შემდეგ საინტერესო მოგზაურობას გეგმას.

შემთხვევითი სიახლე

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 …