დივერსიფიცირებული ბიზნესის სარგებელი – ვისოლ ჯგუფის სინერგიის შედეგები

თბილისი (BPI) – „ვისოლ ჯგუფი“ უკვე 20 წელზე მეტია წარმატებულ პორტფოლიოს ქმნის. წლების წინ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიათი“ დაწყებული ბიზნესი დღეს ცნობილ ბრენდებს აერთიანებს. ვისოლი, სმარტი, ვენდი, დანკინი, ვიანორი, ალმა, ყოველთვის სანდოობასთან და მომსახურების მაღალ ხარისხთან ასოცირდება.

სინერგიამ – გაერთიანებული ძალებით უკეთესი შედეგისკენ – სოსო ფხაკაძის აზრით, ვისოლ ჯგუფს კარგი შედეგი მოუტანა და როგორც თავად ამბობს, ბიზნესის დივერსიფიცირება რისკების ეფექტური მართვისა და  ხანგრძლივ პერიოდში მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კარგ საშუალებას იძლევა. ამასთან, ის ჯგუფში შემავალ ბრენდს ცალკე ვერ გამოარჩევს და მიიჩნევს, რომ ყველა კომპანიას თავისი წონა და წვლილი აქვს ჯგუფის წარმატებაში.

ტრაფარეტულ კითხვაზე რა ინგრედიენტებია საჭირო ბიზნესში წარმატების მისაღწევად, ჯგუფი პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ, ერთიანი რეცეპტი, ბუნებრივია, არ არსებობს, თუმცა არსებობს წინაპირობები, რომელთაც თუ მიჰყვები, საბოლოო ჯამში წარმატებასაც მიაღწევ.

– ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრო ის ნიშა ბაზარზე, სადაც ოპერირების დაწყება გინდა, მეორეა – მიზანდასახულობა, ეს ნიშნავს, არაფერს შეუშინდე, რადგან ბიზნესი ადვილად არ იქმნება, იქნება ჩავარდნებიც, გამოწვევებიც, მაგრამ როდესაც მიზანი დასახულია, უკან არასოდეს უნდა დაიხიო. მესამე, შესაძლოა ტრივიალურად ჟღერდეს, მაგრამ აუცილებელია საქმისადმი სიყვარული და შრომისმოყვარეობა. საქმეს, რომელსაც აკეთებ უნდა გიყვარდეს, თუ სიყვარულის ნაკლებობაა, მაშინ წარმატების მიღწევა რთული ან წარმოუდგენელი იქნება. მეეჭვება, ვინმე 20 წელი აკეთებდეს საქმეს, რომელიც არ უყვარს და წარმატებული იყოს. არსებობს ასევე სხვა დამატებითი ატრიბუტიკა, რომელთა გათვალისწინებაც საბოლოოდ წარმატების საფუძველს იძლევიან.

– საქმიანობა ნავთობპროდუქტების სფეროთი დაიწყეთ, მას შემდეგ ჯგუფი გაძლიერდა და გაიზარდა. რამდენად ადვილია ჯგუფის მართვა როდესაც თითოეული ბრენდი სხვადასხვა სეგმენტშია წარმოდგენილი?

– როგორც ამას ყველა ბიზნესკოლაში ასწავლიან და მართლაც ასეა, კარგია, როდესაც ბიზნესი დივერსიფიცირებულია. მით უმეტეს საქართველოს ეკონომიკის მსგავს ქვეყნებში, სადაც გარკვეული კატაკლიზმები გამორიცხული არასოდეს არის, იქნება საგარეო შოკებით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკაზე თუ სხვა ფაქტორები. გასაგებია, რომ ჯერ-ჯერობით ჩვენთან არ გვაქვს ისეთი სტაბილური გარემო, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ ჩვენთან დივერსიფიცირების სტრატეგია კიდევ უფრო მეტად ფასობს. დივერსიფიცირებული ბიზნესი მოქნილია რომელიმე მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემის ადვილად გადაწყვეტაში და სხვა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვერასოდეს იფიქრებ მხოლოდ საკუთარ თავზე, შენს უკან უამრავი ადამიანი დგას და ვალდებული ხარ ეს პასუხისმგებლობა მუდამ გახსოვდეს და იტვირთო. როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ჩვენთვის დივერსიფიცირებული ბიზნესი მნიშვნელოვნად ნაკლებ რისკებს ნიშნავს. ამასთან, უკიდეგანო არაფერი ვარგა და არც ისეთი დივერსიფიცირებაა წარმატებული, როდესაც ადამიანები საქმიანობის მთავარ პროფილს მკვეთრად სცილდებიან. დივერსიფიცირებაც კანონზომიერებას უნდა ექვემდებარებოდეს. ჩვენ დივერსიფიცირება საცალო ვაჭრობის მიმართულებით გავაკეთეთ, კომერციული უძრავი ქონების განვითარებაც საცალო ვაჭრობასთან არის დაკავშირებული და ამიტომ დავიწყეთ. ანუ, შევეცადეთ ახალი კომპანიების შექმნისას გამოგვეყენებინა ის გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე შევიძინეთ. დივერსიფიცირებისას გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ფუნდამენტური ღირებულებებია გასათვალისწინებელი.

– რისკი ახსენეთ და კრიტიკული სიტუაციის დროს რა გადაწყვეტილებებს იღებთ?

– რასაკვირველია, ბიზნესში კრიტიკული სიტუაციები დგება და ასეთ დროს ყველაზე მთავარი ემოციებისგან განთავისუფლებაა. გადაწყვეტილება რაციონალურად უნდა მიიღოთ და როდესაც ემოციებისგან დაცლილ გადაწყვეტილებას იღებ 99% გამარჯვებული ხარ. არის მეორეც, თუ ხვდები რომ საქმე არ გამოვა, მხოლოდ იმიტომ რომ ბიზნესს შენი სახელი ერქვას, შენარჩუნება არასწორია, სჯობს ეს ბიზნესი გაყიდო ან სხვა რაიმე გზა მოიფიქრო. სხვა მხრივ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ადამიანი აფუჭებს და ადამიანივე ასწორებს სიტუაციას.

– რთული იყო გადაწყვეტიოლების მიღება როდესაც თქვენს სავაჭრო ცენტრებში „სმარტის“ სუპერმარკეტების სივრცე „კარფურს“ დაუთმეთ?

– არა, ამ გადაწყვეტილების მიღება იყო რაციონალური. „სმარტის“ 4 მსხვილი სუპერმარკეტიდან მოგებას ვერ ვიღებდით, სამაგიეროდ, წარმატებული იყო ჩვენი პატარა მაღაზიები ავტოგასამართ სადგურებზე და ეს დღემდე გრძელდება. ჩვენთვის მთავარია ნებისმიერმა ბიზნესმიმართულებამ მოიტანოს მოგება და თანაც სამართლიანი მოგება. ვინაიდან არ გაამართლა მსხვილმა სუპერმარკეტებმა მისი გაყიდვა გადავწყვიტეთ და შესაბამისად მივყიდეთ „კარფურს“. შედეგად შევიძინეთ სტრატეგიული პარტნიორი, უძრავი ქონებიდან, რომელიც ჩვენი საკუთრებაა კარგ საიჯარო შემოსავალს ვიღებთ და შესაბამისად ფინანსურად მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ეს კომპანია. საბოლოოდ მოიგო ყველამ, „სმარტმა“ განვითარება განაგრძო, ის დღეს 14 სუპერმარკეტს აერთიანებს და რაც ყველაზე მთავარია მომგებიანი კომპანიაა. მიმდინარე წელს კიდევ რამოდენიმე “სმარტის” სუპერმარკეტი გაიხსნება ავტო-გასამართ სადგურებზე.

– რამდენად წარმატებული იყო 2019 წელი, წლის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რა მიგაჩნიათ?

– მთლიანობაში „ვისოლ ჯგუფის“ საქმიანობა უკეთესი იყო ვიდრე 2018 წელს. ეს გვახარებს, რადგან რაც უფრო ფინანსურად ძლიერი ხარ, მით უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეგიძლია. წელს უფრო მეტს გვინდა მივაღწიოთ და ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ლარის კურსი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დღეს ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა  არის ლარის გაცვლითი კურსი. ლარის კურსი არის ეკონომიკის ბარომეტრი, და მისი დინამიკა პირდაპირ ასახვას ახდენს შეიძლება ითქვას ნებისმიერ სექტორზე. ბიზნესში შემოსავლების უმეტეს ნაწილი გენერირდება ლარში. ამავდროულად, ლარის დევალვაცია იწვევს მომხმარებლის  მსყიდველუნარიანობის დაქვეითებას. იმ პირობებში, როდესაც, ერთის მხრივ, შემოსავლებს იღებ ლარში, მეორეს მხრივ, კი ხარჯების მნიშვნელოვანი წილი გაიწევა უცხოურ ვალუტაში (რადგან ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული), ეს, ბუნებრივია, სერიოზულ პრობლემას ქმნის. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე ლარის გამყარება დაიწყო,  ასევე, საგარეო შოკების რისკი ამ ეტაპზე მინიმიზებულია, ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა გამოსწორდა და ვალუტის დევალვაციები  აღარ მიდის. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება. ლარის გამყარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ლარის გამყარება  დადებითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ შემოსავლებზე და მათ პოზიტიურ განწყობებზე.

ქვეყნის წარმატების მთავარი ფორმულა ერთია – ეს არის ძლიერი ეკონომიკა, რასაც ქმნის ძლიერი ბიზნესი. ობიექტურად შევხედოთ, ვერ ნახავთ წარმატებულ საზოგადოებას თუ ეკონომიკაა სუსტია. როდესაც ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა აქვს მაშინ მეტ-ნალებად ყველასთვის არსებობს შემოსავალი, ფინანსდება ყველა სფერო, არსებობს კიდევ უფრო უკეთესი მომავლის იმედი და სხვა. ძლიერ ეკონომიკას კი ძლიერი ბიზნესი ქმნის, ანუ ბიზნესი ქმნის წარმატების საფუძველს და წარმატებულ ეკონომიკას, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამ თემებზე ყველამ ერთად უნდა ბევრი ვიფიქროთ.

– რამდენად მნიშვნელოვანია და რას ნიშნავს თქვენთვის როგორც წარმატებული კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა?

– დღეს ჯერ კიდევ ბევრს მიაჩნია, რომ CSR-ი არის ქველმოქმედება, მაგრამ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არ ნიშნავს მხოლოდ ქველმოქმედებას, ეს არის თუნდაც როგორია შენი დამოკიდებულება რიგითი თანამშრომლის მიმართ, თავად თანამშრომლებს შორის როგორია ურთიერთობები, გარემო, როგორ არის დაცული თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოების საკითხები, და სხვა. კომპანიის დააარსების პირველივე დღიდანვე მაღალი სოციალური  პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს და ყოველთვის დიდ როლს ვანიჭებთ ამ ნაწილს. კონკრეტულ დეტალებს ამ კუთხით არ გამოვყოფ, საზოგადოება ამას თავად ხედავს და აფასებს. ბიზნესი, რომელიც იღებს შემოსავალს გარდა იმისა, რომ ამ შემოსავლებით ჩვენი ამოცანები უნდა გადავწყვიტოთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობები, რომლებიც ჩვენი მხრებით უნდა ვატაროთ. ზოგადად, ქვეყნის სიყვარული მხოლოდ მისი ბუნების სიყვარულს არ ნიშნავს, ეს იმ ადამიანებისადმი სიყვარულის გამოვლინებაა, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენს ჯგუფში 5 000-მდე თანამშრომელია, თითოეული მთაგანის შრომა ჩვენთვის ღირებულია და მათ წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია.

– რამდენად გაამართლა თქვენს ჯგუფში შემავალი ბრენდებისთვის ვენდისა და დანკინის ქართული ნედლეულით მომარაგებამ. ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობა იყო?

–   ბუნებრივია,  ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გაამართლა. ყველაფერი გავაქართულეთ და ადგილზე ვამზადებთ ყველაფერს. საკვების უსაფრთხოება უმაღლეს, სრულიად განსხვავებულ სიმაღლეზეა ჩვენთან, პროდუქტებს, რომლებსაც ვყიდით არის ყოველდღიურად ახალი და ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები პირდაპირ აისახა მომხმარებელთა გაზრდილ ნაკადებში და შესაბამისად გაზრდილ შემოსავლებში. ასევე, დიდი წარმატება მოიტანა ვენდისში უგემრიელესი, იტალიური პიცის დამატებამ. ამ ინოვაციამ ვენდის შესძინა სრულიად ახალი მომხმარებლები, რაც ძალიან სასიხარულოა. წარმატებული გამოდგა ასევე მთელი რიგი ინოვაციები ტექნოლოგიების კუთხით.

წარმოებას რომ დავუბრუნდეთ, მოკლედ თუკი რაიმე შეიძლებოდა ადგილზე დაგვემზადებინა ეს წარმატებით მოვახერხეთ. დანკინის კუთხით, დონატების ქარხანა გავხსენით თბილისის აეროპორტთან ახლოს, რომელიც 24 საათი მუშაობს და დონატების სხვადასხვა სახეობებთან ერთად უშვებს უგემრიელესი ფრანგული ფუნთუშეულის ხაზს.  მიუხედავად იმისა, რომ დღეში ერთხელ მომარაგება საკმარისია, იმისთვის რომ მუდმივად ახალი დონატები, სენდვიჩები თუ სხვა გვქონდეს რესტორნებში, ყოველდღიურად რესტორნებს 2-ჯერ ვამარაგებთ. შესაძლოა ითქვას, გარკვეულწილად ეს ნაბიჯიც თანხვედრაშია სოციალურ პასუხისმგებლობასთან: ერთის მხრივ, საქართველოში დამზადებული პროდუქტებით ვამარაგებთ რესტორნებს, მეორეს მხრივ, კი დამატებით დავტვირთეთ სხვა საწარმოებიც, მათ შორის, მაგალითად “მარშე”, რომელიც ისეთი პროდუქტით გვამარაგებს, როგორიცაა საქონლის ხორცის კოტლეტი, ქათმის ფილე, ბურგერის ფუნთუშა და სხვა. ამ პროდუქტების მოწოდება ყოველდღიურად ხდება და, ბუნებრივია, რესტორნებში ყველაფერი მუდმივად ახალია. და ეს ყველაფერი ვენდისსა და დანკინში ათეული წლების მანძილზე აპრობირებული და დანერგილი სურსათის უსაფრთხოებისა თუ სხვა მკაცრი სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

– ყველა ფრანჩაიზერი არ არის ასეთი განებივრებული, როგორ მიაღწიეთ მოლაპარაკებას?

– თავიდან ბრენდებთან  მოლაპარაკებების პროცესი არ იყო ადვილი, თუმცა ჩვენ მათთან და მათ პირველ პირებთან მაღალპროფესიული, თბილი და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და სანდოობამ შედეგად მოგვიტანა ის, რომ ჩვენი უკლებლივ ყველა ინიციატივა მხარდაჭერილი იყო მათი მხრიდან.

რა გეგმები გაქვთ 2020 წლისთვის?

– ეხლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ „კარფურთან“ ერთად რუსთავში ახალ სავაჭრო ცენტრს ვაშენებთ. ეს იქნება 12000 კვ.მეტრის მქონე სავაჭრო ცენტრი ქალაქის ცენტრში. „კარფური“ იქნება მთავარი არენდატორი, რომელიც 3600 კვ. მეტრ ფართზე საკუთარ ჰიპერმარკეტს განათავსებს. აქვე წარმოდგენილი იქნებიან სწრაფი კვების ჩვენი და სხვა ბრენდები, სხვადასხვა პროფილის მქონე მაღაზიები და სხვა. გარდა ამისა, ვგეგმავთ გორის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე  „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრის გაფართოებას. ეს საჭიროება მომხმარებელთა ნაკადების ზრდამ განაპირობა, გაფართოვდება ყველა იქ ამჟამად არსებული ობიექტის ფართი, შესაძლოა სხვა ბრენდებიც შევიყვანოთ. ბუნებრივია, გვაქვს კიდევ სხვა საინტერესო პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებსაც ჩვენ წლის მანძილზე ეტაპობრივად განვახორციელებთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილნი, ოპტიმიზმის გარეშე ბიზნესი არსად კეთდება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …