გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი  კვლავ ბუნდოვანია

თბილისი (BPI) – გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები  ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას და დედაქალაქის საკრებულოს მათი მკურნალობის დაფინანსების საკითხის გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

პაციენტები ითხოვენ აღნიშნულმა ორგანოებმა,  მათი მოთხოვნა,  2020 წელს მკურნალობის სრულ დაფინანსებაზე გაითვალისწინონ. მათ ამისთვის შექმნეს პეტიციაც, რომელიც შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

მიუხედავად იმისა რომ დღეს ცნობილი გახდა, თბილისის მერიის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, სადაც  სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება მნიშნველოვან ადგილს იკავებს, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსების საკითხი  კვლავ ბუნდოვანი რჩება .

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2020 წელს თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონი ლარით განისაზღვრება.

„არის ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც იქნება პრიორიტეტული. ეს არის ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ გვყავს ბევრი ადამიანი რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ რომ მოახერხონ გამართულად ცხოვრება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯანდაცვისა და სოციალურ  მიმართულებებზე ბიუჯეტის 27-28 % იქნება დახარჯული რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მიუხედავად იმისა რომ 2020 წელს განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალურ  მიმართულებებს დაეთმობა, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„აიპრესი“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების  საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ დაუკავშირდა თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, თუმცა მათგან დამაიმედებელი პასუხი ამ დრომდე  არ ჩანს.

როგორც „აიპრესს“ თბილისის საკრებულოში განუცხადეს ამ ეტაპზე ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დააფინანსებს თუ არა თბილისის მერია 2020 წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების სრულ მკურნალობას.

„ამ ეტაპზე არაფერი სიახლე არ არის. ახლა გაფანტული სკლეროზის პროგრამაზე ჩვენთან  შემოსული არაფერი არ არის. მერიაში მიმდინარეობს ბიუჯეტის დამუშავება, შემდეგ გადმოგვიგზავნიან ჩვენ“,-ამბობენ თბილისის საკრებულოში.

ამასთან, „აიპრესს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ 2020 წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის სრული დაფინანსების შესახებ პროექტი გათვალისწინებული არ არის:

„ზუსტად ვიცი, რომ მომავალ წელს აღნიშნული პროგრამა არ იქნება“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს არაერთხელ დავუკავშირდით.

როგორც ბოლო ინტერვიუდან ირკვევა,  2020 წელს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების დაფინანსება/თანადაფინანსების გამოყოფის საკითხი, თბილისის საკრებულოში, ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცებაზეა დამოკიდებული და აქვე დასძენენ:

„ჩვენ არ გვაქვს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული  დაფინანსების პროგრამა. ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება, შესაბამისად  პროგრამაც არ გვაქვს. არ იდგა დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი იმ დონეზე, რომ პროგრამის დაწყება გვქონოდა დაგეგმილი. ჩვენ არსებული რესურსიდან ვიწყებთ პროგრამას, ჯერჯერობით გვაქვს ის, პროგრამები რაც გვაქვს,“

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები წლებია, სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მიანიშნებენ და მასთან დაკავშირებულ  ფინანსური პრობლემების დარეგულირებასა და დაფინანსებას ითხოვენ.

საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას “მსსფ – მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდი“ ითხოვს.  ამისთვის მათ სპეციალური პეტიციაც შექმნეს.

საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული  საჯარო ინფორმაციის თანახმად,

გაფანტული სკლეროზის დაავადებით, ცხოვრებაში პირველად  დადგენილი დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 174 პაციენტია აღრიცხული. აქედან  დედაქალაქში 70 პაციენტია რეგისტრირებული.

შენიშვნა (დაავადების ყველა შემთხვევა აღრიცხულია 18 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში)

შეგახსენებთ, რომ  გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა –  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

შემთხვევითი სიახლე

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – ლილოს  დახურული ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზის შეკრება და შემდგომ ელექტროენერგიის წარმოება ქალაქის მერმა უკვე …