MCA საქართველო აშშ-ს სენატზე ისტორიაში საუკეთესო პროექტად დასახელდა

თბილისი (BPI) – გასულ კვირას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საკუთარი ანგარიშით წარდგა. კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ კეირნკროსმა  სენატის წევრებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო და საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. სენატში გამოსვლისას მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული კომპაქტი ერთერთი წარმატებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში.

„სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოში, რათა მხარი დამეჭირა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო (STEM) დარგებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. შესაძლებლობა მქონდა მივსალმებოდი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, გავხსენით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ რეაბილიტირებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი”, – აღნიშნა კეირნკროსმა.

შონ კეირნკროსმა, ასევე აღნიშნა რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საკუთარ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში განხორციელებულმა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტმა ასეთი მაღალი შეფასება მიიღო. საქართველოს კომპაქტი ერთერთი სამაგალითოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ კომპაქტებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა  განახორციელა პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, რომლის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

2014-2019 წლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგად საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის STEM პროგრამებზე 600-მდე სტუდენტი იღებს ამერიკულ განათლებას.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …