2020 წელს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – 2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს.

ორგანიზების საკითხები მადრიდში, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციაში განიხილეს.

გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინე ძიძიგური დაესწრნენ.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომა 2020 წელს ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველად საქართველო უმასპინძლებს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი დაესწრება. ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას მთელ მსოფლიოში და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას. აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო კორპორაციების, კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები ეწვევიან. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და იგი გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. „ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ოფიციალურად დავაანონსეთ, რომ საქართველო 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ტურიზმის ღონისძიებას, აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან, საბოლოო ჯამში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 300-მდე უცხოელი დელეგატი ესტუმრება. ჩვენ მადლობას ვუხდით ესპანეთის ტურიზმის მინისტრს, ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს, მისი შუამდგომლობა ესპანურმა მხარემ გაითვალისწინა და საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლოს. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და სწორი პოზიციონირებისთის ტურისტულ ბაზარზე“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2020 წელს გაიმართება. საქართველოს  აღმასრულებელი საბჭოს წევრი 40-მდე მინისტრი ესტუმრება.  კარგი იქნება თუ ჩვენ სხვა ქვეყნის მინისტრებსაც დავპატიჟებთ, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები.  მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე ყოველთვის იყო ჩემთვის ოცნება, რომ ეს ღონისძიება საქართველოში ჩატარებულიყო. ვფიქრობ  ეს კარგი საშუალებაა საქართველოსთვის, რომ ერთად ვუმასპიძლოთ მსოფლიოს მინისტრებს და ვაჩვენოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი.“-აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

 

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …