წინანდლის ფესტივალის ორკესტრის შესარჩევი მოსმენები კონსერვატორიაში გაიმართება

თბილისი (BPI) – წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2019 წლის  სექტემბერში გაიმართება, ახალგაზრდა მუსიკოსების შერჩევას ამჯერად თბილისში განაგრძობს.

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO) 6 ქვეყნიდან შერჩეული ნიჭიერი მუსიკოსებით დაკომპლექტდება. ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭება. 

სამი კვირის განმავლობაში ორკესტრანტებს ინტენსიურ რეპეტიციებსა და პრაქტიკულ სწავლებას ჩაუტარებენ ისეთი ცნობილი ორკესტრების მუსიკოსები როგორიცაა: „BBC ფილარმონიული ორკესტრი“, „ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ორკესტრი“, „ამსტერდამის კონცერტგებაუს სამეფო ორკესტრი“ და „ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრი“. წინანდლის ფესტივალის  ფარგლებში პან-კავკასიურ ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO) დაუკრავს მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან ერთად, როგორიცაა: წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, აგრეთვე, ომერ მეირ უელბერი, იუკა-პეკა სარასტე, ლაჰავ შანი. 

წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ : ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი,  რენო კაპუსონი და სხვ.

მოსმენები უკვე გაიმართა ანკარაში, სტამბოლში და ბაქოში. მუსიკოსების შერჩევას ხელმძღვანელობს იტალიელი დირიჟორი და ჯიანანდრეა ნოზედას ასისტენტი – კლაუდიო ვანდელი.  

25, 26 თებერვალს მოსმენები გაიმართება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

რეგისტრაციის გავლა 18 იდან 28 წლამდე მუსიკოსებს  ფესტივალის ვებ გვერდზე  http://tsinandalifestival.ge/ შეუძლიათ. ამ დროისათვის უკვე დარეგისტრირდა 80 მდე მუსიკოსი.  მომდევნო მოსმენები დაგეგმილია კიევში, ალმა-ატაში, ერევანსა და ვენაში. 

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში გაიმართება. 15 დღის განმავლობაში 40 მდე საორკესტრო,  კამერული, და სოლო კონცერტი  ჩატარდება 1200 კაციან ამფითეატრში და 600 კაციან კამერული მუსიკის დარბაზში. 

პირველ კონცერტს წინანდალი 8 სექტემბერს უმასპინძლებს.

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ – http://tsinandalifestival.ge/

დამატებით ინფორმაცია – info@tsinandalifestival.ge

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …