ყველა ასაკის პენსიონერს აპრილის პენსია წინასწარ ჩაერიცხება

თბილისი (BPI) – საქართველოში ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, – შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში – აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე – 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან – 208.

მთავრობა ამავდროულად მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, პლასტიკური ბარათით გადახდა ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღებისას რიგში დგომისას კი დაიცვან სოციალური დისტანცია.

რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი“ ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …