ფაბრიკა 24 დეკემბერს სამეწარმეო ბაზრობას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – 24 დეკემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე, „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილის N8) სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება პროექტის „GEclose2EU’’-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და, ასევე, ღონისძიების სტუმრებს საშუალება მისცეს დაათვალიერონ და შეიძინონ ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან. სამეწარმეო ბაზრობა GEclose2EU-ს ფარგლებში იმართება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მონაწილეობით.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში და მასტერ-კლასებში. ჯამში 500 კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში და ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ტრენინგებში: ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მოძიების და სხვა თემებზე. ასევე მონაწილეობა მიიღონ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა – გაყიდვაში.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU”) 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …