უმუშევრობის დონე 12,8%-ია

თბილისი (BPI) – 2019 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.8%-ია.

2019 წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.8% შეადგინა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე უცვლელი დარჩა, დასაქმების დონე გაზრდილია 0.8%-ული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2%-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.1%-ული პუნქტით.

აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.6%ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში 1%-ული პუნქტით შემცირდა.

2019 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.9 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 55.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 73.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.6 პროცენტული პუნქტით, კაცებში პირიქით 0.6 პუნქტით არის შემცირებული.

2019 წლის I კვარტალში ქალების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …