სტიმულირების პროგრამაში განაცხადის გაკეთებას ნებისმიერი ავიაკომპანია შეძლებს

თბილისი (BPI) – მთავრობის ორი დადგენილებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ერთჯერადად მარკეტინგული სტიმულირების მიზნით, მიეცა უფლება, გააფორმოს ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. მიმართულებებად განსაზღვრულია ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მთავრობის დადგენილებების მიღების მიზეზი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული მოვლენები გახდა, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკას რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების გამო მოულოდნელი დარტყმა მიაყენა.

“დაზარალდა როგორც ტურისტული, ასევე საავიაციო ბიზნესი. მთავრობამ სწრაფად მოახდინა რეაგირება და პროფილურ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ შეიმუშავა სტიმულირების პაკეტი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი შენარჩუნდეს, სწორედ ამიტომ შეირჩა ევროპის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება – ლონდონი და ბრიუსელი. რაც შეეხება ერევანს, ამ მიმართულების დამატება ითხოვეს ქართველმა ტუროპერატორებმა, რომელთაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შევხვდით. გარდა ამისა, ერევნის ხაზი მნიშვნელოვანია იმ ქართველებისთვისაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს და გაურთულდა მიმოსვლა საქართველოში.
იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების  სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ერთზე მეტი ავიაკომპანია მიმართავს და ყველა მათგანი მოთხოვნილ პირობებს დააკმაყოფილებს, ხელშეკრულება იმ კომპანიასთან გაუფორმდება, ვინც განაცხადი პირველმა შემოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სტიმულირების პაკეტის გამოყენებაზე ხელშეკრულება გაფორმებული არ არის არცერთ კომპანიასთან. ნებისმიერი ავიაკომპანიას, იქნება ის საქართველოში რეგისტრირებული, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს განაცხადი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ სტიმულირების პროგრამის დაწყების შემდეგ.
ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ განხორციელდება არა სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ მოხდება ერთჯერადი მარკეტინგული სტიმულირება, რომელსაც შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასცემს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით”, განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …