„საქნახშირში“ ტყიბულის ერთ-ერთი შახტის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

თბილისი (BPI) – „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი „საქნახშირში“ ტყიბულის ორჯონიკიძის შახტის გაყიდვაზე ინფორმაციას “ინტერპრესთან” არ ადასტურებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შახტა „ორჯონიკიძე“ უკვე 30 წელია არ მუშაობს და ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე კომპანია მისი შეძენით დაინტერესდეს.

გარდა ამისა, ჯაყელმა ქვანახშირის რეალიზაციის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია წლებია წაგებაზე მუშაობს.

„არაერთი პრობლემაა, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მოძველებული ტექნიკა. ამასთან, 2017- 2018 წლებში ხელშეკრულების მიხედვით, 230 000 ტონას ყიდულობდა „ჰაიდელბერგი“, თუმცა წელს ახალი ქარხანა გახსნა კასპში, რომელიც მშრალ მეთოდზე მუშაობს, „ჰაიდელბერგის“ მოთხოვნა ქვანახშირზე 70 000 ტონამდე შემცირდა. კომპანია რთულ მდგომარეობაშია რადგან თვეებია არ ვმუშაობთ, ამის მიუხედავად, ყოველთვიურად დაახლოებით 1,3 მლნ ლარს ხელფასის სახით გავცემთ,“ – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შახტის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ცნობისთვის, შპს “საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)” 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლდინგი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, რომლის მფლობელიც დავით ბეჟუაშვილია. ამჟამად ტყიბულში სამუშაოები შეჩერებულია და იქ გერმანელი ექსპერტები კვლევებს ატარებენ.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …