საკარანტინო ზონას სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული აკონტროლებს

თბილისი (BPI) – საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ. პერიოდულად კი, სამხედრო მოსამსახურეები მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ.

ასეულის პირადი შემადგენლობა დეკონტამინაციისთვის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას იყენებს, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა.

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა შესაბამისი მომზადება ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა.

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლასა და აშშ-ის „თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან“ DTRA მჭიდროდ თანამშრომლობს.

სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეულის ამოცანაა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ხელისუფლებას ბუნებრივი კატასტროფების დროს და რქბ საფრთხეებზე რეაგირება მოახდინოს. ქვედნაყოფის ასეულის პირადი შემადგენლობა მრავალგზის იყო ჩართული ხანძრებისა და წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …