პრემიერი: Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს

თბილისი (BPI) – პრემიერი უზარმაზარ წარმატებას უწოდებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესებას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანია და შეძლებს მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას”, – განაცხადა ბახტაძემ.

რეიტინგში წინსვლისთვის არგუმენტებს შორის პრემიერი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. “ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემაა ის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მყარად და სწორად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.”

დასახელებულ ფაქტორებს შორის აღმოჩნდა ლარიზაციის სტრატეგიაც, ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები.

“Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე.

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა – საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს”, – განაცხადა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …