მსოფლიო ბანკს საქართველოში $4,3 მლრდ აქვს ინვესტირებული – რეფორმების მხარდაჭერა გრძელდება

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს მდგრად განვითარებასა და რეფორმების პროცესში კვლავ დაუჭიროს მხარი.

საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მდგრადი განვითარების საკითხებში სტივენ შონბერგერი.

მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის რეფორმების გეგმა, საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მათ შორის, მდგრადი განვითარების კუთხით.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ურბანული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას.

ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს მიულოცა მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში – „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“ მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა.

შეხვედრაზე, ასევე, პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დონორია. 25 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის მანძილზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …