მთავრობა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას გეგმავს

თბილისი (BPI) – „მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა არასაკმარისი ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში. მეწარმე ქალების წილი მამაკაცების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების არასაკმარისი ჩართულობით გამოწვეული ეკონომიკური შემოსავლის დანაკარგი 11 პროცენტს შეადგენს,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „ბიზნესის ხელშეწყობის ჩართულობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ პრეზენტაციაზე.

პროექტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

თავის მისალმებაში ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით აქტიურად უწყობს ხელს კერძო სექტორს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, ეხმარება მათ ბიზნეს და სამეწარმეო უნარიანობის განვითარებასა და ფინანსური განათლების გაუმჯობესებაში. ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ერთ-ერთ მიზანს ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ 2015 – 2018 წლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 9380 ბენეფიციარი დაფინანსდა, რომელთა 40,3 პროცენტი ქალია. გარდა ამისა, ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტში წარმოდგენილთა 30 პროცენტი ასევე ქალია. აღნიშნული ბიზნეს – მიმართულებებია სურსათის წარმოება, საფეიქრო მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავეჯი, სათამაშოების წარმოება, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება, არქიტექტურა და დიზაინი. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას ქალთა მეწარმეობის წახალისება წარმოადგენს.

 

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …