თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22-23 ოქტომბერს გაიმართება

თბილისი (BPI) – 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“  ჩატარდება.

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

მიმდინარე წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“  60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის  და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,    აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22 ოქტომბერს 10:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება.

ფორუმის ფარგლებში პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემაზე  გაიმართება:

  • მაღალი დონის დიალოგი ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები
  • მომგებიანი ვაჭრობა
  • ენერგეტიკის ხვალინდელი დღე – განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადგობა
  • ინოვაციებით გამოწვეული ზრდა – აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად
  • სატრანსპორტო კავშირები – ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა
  • საქართველოს განვითარება – მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა (1-ლი სესია)
  • აბრეშუმის გზა: ახალი შესაძლებლობები ქვეყნებს შორის ინვესტიციებისთვის (მე-2 სესია)

მთავარი პანელების გარდა, ორი დღის განმავლობაში ასევე გაიმართება პარალელური ღონისძიებებიც.

პანელებს მოდერაციას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები: ნურიელ რუბინი – ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, აარონ ჰესლჰარსტი –  BBC World News-ის წამყვანი, კონსტანტინტ კოტზიასი – „ბლუმბერგ ევროპის“ დირექტორი, რობ მაკკერგოუ – PwC-ის ხელოვნური ინტელექტის დირექტორი, ჯულიეტ ფოსტერი – Magnus Communications-ის დამფუძნებელი, ისკანდერ აბდულაევი – Carec Institute-ის დირექტორის მოადგილე.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი  ჟურნალისტი გააშუქებს.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …