ვენა – ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებაა

თბილისი (BPI) – ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ვენაა, – მარტის მონაცემებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქვეყნებს.

მოთხოვნადი მიმართულებების რეიტინგში მეორე ადგილზე პრაღაა, ხოლო მესამე ადგილზე ათენი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის იანვარ-მარტის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5:

1.ვენა

2.რომი

3. პრაღა

4. ბერლინი

5. მემინგენი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის პირველ კვარტალში 156784 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101% მეტია. (2018 წლის 3 თვე – 78020).

მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში კვლავ ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს – ACI EUROPE-ს თებერვლის მონაცემებით, ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3-პროცენტიანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3%-იანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით  შეასრულებს.

2019 წლის აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში სხვა სიახლეებიც იგეგმება.

4 აგვისტოდან ქუთაისი პოლონეთის უძველეს და უდიდეს ქალაქ კრაკოვს დაუკავშირდება. ასევე, კიდევ ერთი სიხშირე დაემატება ათენის მიმართულებას. საბერძნეთის დედაქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …