ეკატერინე მიქაბაძე: აგრო ტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

თბილისი (BPI) – „აგრო ტურიზმი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აუცილებელია სამომავლოდ  ერთიანი ძალებით მისი იდენტიფიცირება, პოპულარიზაცია და განვითარება. მნიშვნელოვანია მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსების მდგრადი გამოყენება, მეტი ოჯახის დაინტერესება და აქტიური ჩართულობა ამ ბიზნესში,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women ორგანიზებით გაიმართა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია. „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ინიციატივებს, რათა მათ განავითარონ არსებული და შექმნან ახალი ტურისტული პროდუქტები. გარდა ამისა, ჩვენი ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა და ექსკლუზიური და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. ერთ-ერთ ასეთ ტურისტულ მიმართულებად აგრო ტურიზმი განიხილება, სადაც ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით,  აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ასევე, მომსახურების გასაუმჯობესებლად, რეგიონებში ტრენინგები სისტემატურად ტარდება.

„აგრო ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მკაფიო კოორდინაცია როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის, ისე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებს შორის, რათა უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს ხელშეწყობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილის განცხადებით, თავისი შინაარსის მიხედვით და საქართველოში არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით აგრო ტურიზმი ნამდვილად არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მატარებელი, მისი განვითარება რეალურად მისცემს რეგიონებში მოსახლეობის ფართო მასებს შესაძლებლობას, ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …