დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

თბილისი (BPI) – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს.

ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს.

კანონით გათვალისწინებული შეღავათებით 2018 წელს ₾69 მლნ-მდე გაიცა, მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე; ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებზე; მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებზე. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა 11 923-მა ოჯახმა მიიღო გაზრდილი ოდენობის საშეშე მერქანი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე 84 000-ზე მეტ აბონენტს კი მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდა.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და   სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.

ამასთან, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შეემატა ორი ახალი წევრი – მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რომელიც საბჭოს მუშაობაში ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება.

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …