გიორგი ქობულია: ჩვენი მიზანი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა

თბილისი (BPI) – ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ინსტრუმენტის გამოყენება – ტურიზმის მაჩვენებლების კვარტალური შეჯამება დაიწყო. ეკონომიკის მინისტრო ამბობს, რომ ეს გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად მსჯელობის – რა იყო  შედეგი, როგორ დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები – შესაძლებლობას იძლევა. მინისტრს ეიმედება, რომ ამ ფორმატში მთავრობა კერძოს სექტორისგან რჩევებს მიიღებს.

გიორგი ქობულიას თქმით, ტურიზმის სექტორში დიდი ზრდაა ევროკავშირის ქვეყნებიდან. „ჩვენი სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა, რომლებიც, მათ შორის, მოდიან ისეთი განვითარებული და მდიდარი ქვეყნებიდან, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფოები. ეს ზრდა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა, ვფიქრობთ, უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ეს ციფრები კიდევ გავზარდოთ“ – აღნიშნა მინისტრმა.

ქობულია ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიაზე საუბრობს, რომელიც, მოიცავს პირდაპირი რეისების განვითარებას, სარეკლამო კამპანიას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას,  საგანმანათლებლო სისტემას, ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების სტრუქტურა უმჯობესდება და იზრდება ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტების წილი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორები (საშუალო დანახარჯი 2,342) ხარჯავენ მეზობელ ქვეყნების ვიზიტორებზე (საშუალო დანახარჯი 782) უფრო მეტს, საჰაერო გზით (საშუალო დანახარჯი 2,308) შემოსული ვიზიტორების ბიუჯეტი, როგორც წესი, აღემატება სხვა საზღვრის ტიპით მოსარგებელე (საშუალო დანახარჯი 660 ლარი) ვიზიტორების ბიუჯეტს, ტურისტული ვიზიტი (საშუალო დანახარჯი 1,512) კი მოიცავს ღამისთევას, რაც იმის წინაპირობაა, რომ ვიზიტორი ქვეყანაში უფრო მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე ერთდღიანი ვიზიტორი (საშუალო დანახარჯი 296).

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას, 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ეს ციფრი 1,617,548 შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2,2%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მარტის თვე  ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტებისთვის რეკორდული გამოდგა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა +29.7%-ით, ხოლო წილმა მთლიანად საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობაში 4,4% (წინა წელს ეს მაჩვენებელი 3,4% იყო). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:  ლატვია (+84.5%), სლოვაკეთი (+81.8%), პოლონეთი (+79.1%), ჩეხეთი (+66.8%) ლიტვა (+43.3%), გერმანია (+30.8%).

აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 518 მილიონ აშშ დოლარია. 2018 წელს ასევე გაიზარდა ტურიზმის დამატებული ღირებულება და ამ ციფრმა 2,7 მლრდ ლარი შეადგინა (+21,5%).

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …