გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება ყველა მაღალკვალიფიციურ პირს შეეძლება

თბილისი (BPI) – რა პერსპექტივა აქვთ საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ ჩასულ მაღალკვალიფიურ კადრებს და შეძლებენ თუ არა ისინი სამუშაო მოძიებას დეტალებზე საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და სამართლის განყოფილების უფროსი იან ბითნერი “ინტერპრესს” ესაუბრა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს, ყველა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს გერმანიაში საქართველოდან ჩასვლა და სამუშაოს მოძიება შეეძლება.

მისი ინფორმაციით, ამჟამადაც, გარკვეული პროფესიის ადამიანებს, სპეციალისტებს, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შეუძლიათ, გერმანიის სამუშაო ბაზარზე დასაქმდნენ და მათი რაოდენობა კანონით შეზღუდული არ არის.

იან ბითნერის ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმება მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, მზარეულებსა და სხვა პროფესიების მქონე წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის არიან.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ვინც გერმანიაში სამუშაოს მოძიებას მოინდომებს, მას თავისი განათლებისა და კვალიფიკაციის დასაბუთება მოუწევს. მაგალითად, მზარეულების შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო უფლების მინიჭება ყველას არ ეხება, არამედ ეს არის მათთვის, ვინც ეროვნული კერძების სპეციალისტია და მათზე გერმანიაში უნდა იყოს მოთხოვნა. მათ ასევე გაფორმებული უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მათთვის აუცილებელია საელჩოდან სამუშაო ვიზის მიღება იმიტომ, რომ უვიზო რეჟიმი მხოლოდ ტურისტებისთვისაა“, – განაცხადა იან ბითნერმა.

გერმანიის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, გარდა სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, გერმანიის პარლამენტმა კრიმინალთან ბრძოლისთვის გარკვეული რეგულაციებიც მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …