ბიზნესომბუდსმენი მისოების საგადასახადო შემოწმებისას საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის გამოყენებას ითხოვს

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენი შემოსავლების სამსახურს მიმართავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებისას და საგადასახადო დავის წარმოებისას გამოყენებული იქნეს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციამ მიმართა. როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები განცხადებაში აღნიშავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არარეზიდენტებისგან იღებენ ფინანსურ სახსრებს, რომელსაც შემდეგ ათავსებენ რეზიდენტ საბანკო დაწესებულებებში, საიდანაც იმავდროულად იღებენ სესხს. უცხოური სპეციალიზირებული ფონდებიდან მოზიდული სავალუტო სახსრების ადგილობრივ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით განთავსების მიზანს წარმოადგენს არა საპროცენტო შემოსავლის მიღება, არამედ სავალუტო რისკების დაზღვევა და როგორც რისკების დაზღვევის ყველა მექანიზმი დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.

“მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და პალატამ მიიჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოპერაციები არ წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ დასაბეგრ ოპერაციას და თავისი ბუნებით დამოუკიდებელ, ერთმანეთისაგან გამიჯნულ ოპერაციებად განიხილება, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე კვლავ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, შეუცვალა ოპერაციებს კვალიფიკაცია და დააჯარიმა კომპანიები.

საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება საგადასახადო ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საგადასახადო შემოწმებისას და საგადასახადო დავის წარმოებისას გამოყენებული იქნეს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა. 

შემთხვევითი სიახლე

რაზე იმსჯელეს სემეკის საჯარო სხდომაზე

კომისიის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც შეეხებოდა ელექტროენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მარეგულირებელი აქტების …