ქვეშეთი-კობის შემოვლითი გზის მშენებლობას ADB 370 მლნ ევროთი დააფინანსებს

თბილისი (BPI) – ქვეშეთი -კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) 370 მლნ ევროთი დააფინანსებს.

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების სასესხო შეთანხმებას.

ფინანსური რესურსი მოხმარდება ქვეშეთსა და კობს შორის 23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ, პროექტის მიხედვით, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

“ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. პროექტი მნიშნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი გააჩენს ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად”, – განაცხადა მინისტრმა

იეშიმ ელჰან კაიალარის თქმით, მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი, რომელიც საქართველოში რეგიონებსა და ბიზნესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებთან დააკავშირებს და ეროვნული და რეგიონული ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს, მეტისმეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის.

“მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებში მთავარი სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გაფართოებას,” – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …