ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

თბილისი (BPI) – ორბელიანის მოედანზე უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ქალაქის მერი სისტემის ამოქმედებამდე მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ ტერიტორიაზე უფასო პარკირება შეეხება შშმ პირებს და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.

„ზონალურ-საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და სიახლე ჩვენი ქალაქისთვის. პირველი საპილოტე პროექტი ჩვენ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე  წარმატებით განვახორციელეთ.  რადგან სიახლეა, თავიდან ვფიქრობდით,  რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა, თუმცა სწორედ იმის გამო,  რომ ჩვენ იქ განვათავსეთ საინფორმაციო ჯიხური და გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, სტუმრებთან,  საზოგადოებამ ეს პროექტი ძალიან პოზიტიურად მიიღო. დღეიდან უკვე ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე გვექნება  ანალოგიური მიდგომა – პარკირებისას გათვალისწინებული იქნება საათობრივი გადახდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. უფასო იქნება ასევე, შშმ პირებისთვის და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებისთვისაც გამოყოფილია სპეციალური ადგილები. მოქალაქეებს აქ ასევე მოემსახურება  ჩვენ მიერ მოწყობილი  მიწისქვეშა პარკინგი. გვინდა, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებზე და ქუჩებზეც გავრცელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 15-წუთიანი პარკირება, ისევე, როგორც კოტე აფხაზის ქუჩაზე, აქაც უფასო იქნება, საათის ღირებულება კი – 1 ლარი.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები.

 

შემთხვევითი სიახლე

ნათია თურნავა ვაქცინის ბუსტერ-დოზით საწარმო “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებთან ერთად აიცრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ-დოზით რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ …