საქართველო ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტს განაახლებს, ადგილობრივ ბაზარზე მოწოდების პრობლემა არ არსებობს – ლევან სილაგავა

საქართველო ხორბლისა და ფქვილის იმპორტის დივერსიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს და უახლოეს ხანებში ხორბლისა და ფქვილის მიღებას რუსეთისა და უკრაინის ნაცვლად ყაზახეთიდან ელოდება. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამ და მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა მსოფლიოსთვის ამ ბაზრებზე წვდომა შეზღუდა. საქართველო, რომელიც ფქვილისა და ხორბლის საჭირო მარაგებს ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან იღებდა, ფაქტობრივად მომწოდებლის გარეშე დარჩა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის 2 თვიანი მარაგი გააჩნია და მალე იმპორტი ყაზახეთიდანაც განახლდება. ყაზახეთი, რომელიც ხორბლის მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს, რუსეთისა და უკრაინის ფონზე საქართველოსთვის მიმზიდველი არ იყო, რადგანაც ყაზახური ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდებოდა. თუმცა როგორც სილაგავა ამბობს, არსებულმა კრიზისმა ყაზახური ხორბალი კონკურენტუნარიანი გახადა და ქვეყანაში ის ტონაზე 30% დოლარიანი ფასნამატით შემოვა.

“რუსეთი და უკრაინა მსოფლიო სასურსათო ბაზრის 30%-ს უზრუნველყოფდა, შესაბამისად ამ ომმა გამოიწვია ის, რომ შავი ზღვის აკვატორია ჩაკეტილია, უკრაინის პორტები არ მუშაობს, მუშაობს რუსეთის ,მხოლოდ რამდენიმე პორტი. შესაბამისად მსოფლიოში ხორბალზე ფასები გაიზარდა.  ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ ყაზახური ბაზარი გახდა უფრო კონკურენტუნარიანი. ჩვენი რეგიონისთვის ყაზახეთი თამაშში შემოვიდა, თორემ აზიის რეგიონისთვის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ისედაც იყო, რადგანაც ლოჯისტიკურად უფრო აწყობილია. ჩვენთან მიმართებაში კი ლოჯისტიკა იყო ძვირი. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე ყაზახური ხორბალი გახდა კონკურენტუნარიანი”, განმარტავს სილაგავა. მისი თქმით, ყაზახეთთან 10 ათას ტონა ხორბალზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და მალე დამატებით 10 ათას ტონაზეც გაფორმდება.

ირკვევა, რომ დღეს ქვეყანას ყაზახური ხორბალი დაახლოებით 380 დოლარი უჯდება. იმავდროულად, ტრანსნაციონალურ კომპანიასთან არსებობს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზევ რუსეთიდან მარაგების შევსება დღესაც ხდება.

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის 2 თვიანი მარაგი აქვს. უფრო კონკრეტულად კი არსებული ხორბლის მარაგები არის ერთი თვის მოხმარებისთვის საკმარისი და ფქვილისაც კიდევ ერთი თვის. შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთი საბოლოოდ მიიღებს, იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც. ამიტომ ორიენტირი ამ ეტაპზე გვაქვს ყაზახეთის ბაზარზე. 10 ათასი ტონა ხორბლის მოწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და კიდევ 10 ათას ტონაზე ხელმოწერის სტადიაზეა. შესაბამისად ხარჯის პარალელურად ქვეყანაში შემოვა ყაზახური ხორბალიც.

რაც შეეხება პურის ფასს, თვითონ პურის მწარმოებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ არსებული მარაგების გამო მაისამდე მათ ფასები არ შეეცვლებათ. პლუს სახელმწიფო განიხილავს სუბსიდირების პროგრამას, იმასთან მიმართებაში თუ კი პურის ფასს ცვლილებები დაემუქრება.

თუმცა პურის ფასის ცვლილება სავარაუდო დრო შესაძლოა იყოს აპრილ-მაისი და თუ მანამდე ეს სიტუაცია არ დარეგულირდება, ფასებთან მიმართებაში მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, რათა პურის ფასი არ გაიზარდოს.

ხორბლის მწარმოებლები და წისქვილკომბინატები, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე პრობლემა არ იქნება, რადგანაც ყაზახეთი არის ის ბაზარი, რომლითაც მოხდება ჩანაცვლება.

განიხილება ასევე რუმინეთი და უნგრეთი”, აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …