კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოს და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობის და მუშაობის შედეგად, პირველად საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია.

27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა.  სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში.

კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.  ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორის და ადგილობრივი  ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გასცნობოდნენ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები.

კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება. პროექტის …